ვეშაპისნაირნი (Cetacea) — წყლის ძუძუმწოვრების რიგი. აქვთ 1-2 მ-იდან — 33 მ-მდე სიგრძის თითისტარისებრი სხეული, რომელიც ჰორიზონტალური ორპალოტიანი კუდით ბოლოვდება. ბალნიანი
საფარველი, გარეთა ყური, ოფლისა და თებოს ჯირკვლები რედუცირებულია. ხერხემალში გავის განყოფილება არ გააჩნიათ. აქვთ 17-მდე წყვილი ნეკნი, რომელთაგან მხოლოდ 1-10 წყვილი უკავშირდება მკერდს. ლავიწი არა აქვთ. ბეჭი მარაოსებრია. მხრის ძვალი მოკლე და მსხვილია, წინამხრის ძვლები მოკლეა. თითებში (4 ან 5) ფალანგების რიცხვი გადიდებულია. წინა კიდურები ფარფლებადაა გადაქცეული, ხოლო უკანა არა აქვთ (შემორჩენილია მხოლოდ მენჯის ნაშთები). ვეშაპისნაირთ ჟანგბადის მარაგის განუახლებლად დიდხანს შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა (კაშალოტებს 1,4 საათამდე), რაც გაპირობებულია სუნთქვის ცენტრის დაქვეითებული მგრძნობელობით სისხლში CO2-ის დაგროვებისადმი, ფილტვების დიდი მოცულობით და კუნთოვანიმიოგლობინის დიდი რაოდენობით. ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს ვეშაპისნაირთ წყლის ზედაპირიდან თან ჩაიტანონ დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც მეტად ეკონომიურად იხარჯება.
ყვინთვის დროს გულის მოქმედება (პულსი) ორჯერ და უფრო მეტჯერ ნელდება, ხოლო სისხლი იმგვარად მოძრაობს, რომ ჟანგბადით პირველ რიგში თავის ტვინი და გულის კუნთი მარაგდება. ხანგრძლივად ყვინთვისას ეს ორგანოები ჟანგბადს ღებულობენ კაპილარების ქსლიდანაც („საოცარი ბადიდან“). გრძნობის ორგანოებს შორის ყველაზე უკეთაა განვითარებული სმენის ორგანო. ჩვეულებრივი ბგერების გარდა ვეშაპისნაირნი აღიქვამენ ინფრაბგერებისა და ულტრაბგერებს, რომლებიც ადამიანის სმენის ორგანოებისათვის მიუწვდომელია. კარგად აქვთ განვითარებული აგრეთვე შეხებისა და გემოვნების ორგანოები. თვალები პატარა აქვთ, ყნოსვის ფუნქცია — დაკარგული. ვეშაპისნაირნი შობენ ერთ ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 2-6 წლის ასაკში. ცოცხლობენ 30-50 წლამდე. ცხოვრობენ ოჯახებად ან ჯოგებად. მნიშვნელოვანი სარეწი ობიექტებია. ვეშაპებზე ნადირობის რეგულაციას ხელმძღვანელობს საერთაშორისო ვეშაპნადირობის კომისია. ზოგიერთ სახეობა (დელფინები, ლურჯი ვეშაპი და სხვა) ნადირობა აკრძალულია ხანგრძლივი დროით, რის შედეგადაც მათმა რაოდენობამ ბოლო დროს მნიშვნელოვნად იმატა. ვეშაპისნაირთა რიგი იყოფა ორ ქვერიგად: უკბილო ვეშაპები და კბილიანი ვეშაპები. პირველს განეკუთვნება 3 ოჯახი: სადა ვეშაპისნაირნი, ზოლიანი ვეშაპისნაირნი და რუხი ვეშაპისნაირნი, ხოლო მეორეს — 4 ოჯახი:კაშალოტისებრნი (Physeteridae), დინგნისკარტასებრნი (Ziphiidae), დელფინისებრნი (Delphinidae) და მდინარის დელფინისებრნი. ვეშაპისნაირთაგან ცნობილია 38 გვარის 83 სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან არქტიკიდან ანტრაქტიკამდე ყველა ოკეანესა და ზღვაში. შავ ზღვაში ბინადრობს სამი სახეობა — აფალინა, ზღვის ღორი და დელფინი, რომლებიც მრავლად გვხვდება საქართველოს სანაპიროებთანაც. 1880 წლის მაისში ჩაქვის მახლობლად ზღვის დინებამ გამორიყა მცირე ზოლიანი ვეშაპი (Balaenoptera acutorostrara), რომლის ჩონჩხი საქართველოს მუზეუმში ინახება.
ვეშაპისნაირნი:
Комментариев нет:
Отправить комментарий